ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობს - სარჯველაძე
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე საგანგებო ბრიფინგზე ადასტურებს, რომ ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში შეჩერდა რამდენიმე მიმდინარე პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფინანსდებოდა.
მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ მიუხედავად შეჩერებული პროექტებისა, ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლავ განაგრძოს მუშაობას შეუფერხებლად.
"საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თითქოსდა მთლიანად დაფინანსების შეწყვეტის და ა.შ.. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის. ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას. საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ რაიმე ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება და სისტემისთვის გახლავთ მნიშვნელოვანი", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.