სარჯველაძე: მტკნარი სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს 95 მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა
მტკნარი სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს 95 მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა, საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის ირგვლივ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 95 მილიონზე და ასეთ ასტრონომიულ რიცხვებზე საუბარი არ არის ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან მიმართებით.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დაგეგმვის შემდეგ შესაძლოა მხარეები ჩამოყალიბდნენ ახალ ფორმატებზე, მაგრამ ადამიანების შეცდომაში შეყვანაა საუბარი იმაზე, თითქოს საქართველოს მხარეს 95 მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა.
„ეს, რასაკვირველია, აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა, როგორი სიცრუეც ბევრი გავრცელდა ამ დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება თითქოსდა კავშირს რომელიმე მიღებული საკანონმდებლო აქტისა ახლა მიღებულ გადაწყვეტილებასთან, მე ვფიქრობ, რომ ასეთი კავშირი ობიექტურად არ არსებობს.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის განვითარება და ამ თვალსაზრისით კვლევითი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის არის საკმაოდ დიდი მნიშვნელობის. ეს კარგი პროექტებია და ვფიქრობ, გაცილებით მაღლა დგას თავისი ჰუმანიტარული და იდეალური მიზნებიდან გამომდინარე, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.