Reuters: ჰარისი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ჯოშ შაპიროს ან ტიმ უოლცს დაასახელებს
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს მოქმედი ვიცეპრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად მინესოტას გუბერნატორს, ტიმ უოლცსა და პენსილვანიის გუბერნატორს, ჯოშ შაპიროს შორის გააკეთებს არჩევანს. ამის შესახებ გამოცემას ანონიმურმა წყაროებმა უთხრეს.
ჰარისი საბოლოო გადაწყვეტილებას გვიან სამშაბათს, ფილადელფიის Temple უნივერსიტეტში ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად საჯარო გამოსვლამდე განაცხადებს.
ჯოშ შაპირო, პენსილვანიის 51 წლის გუბერნატორი და ყოფილი გენერალური პროკურორი, კანდიდატად დასახელებისა და შემდგომში გამარჯვების შემთხვევაში, პირველი ებრაელი ვიცეპრეზიდენტი იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილადელფიას ე.წ. ელექტორალური კოლეჯის მიხედვით 19 ელექტორალური ხმა აქვს, რომელიც ჩამონათვალში ხმების სიდიდის მიხედვით შტატს მეხუთე ადგილზე აყენებს. შესაბამისად, ტრამპიც და ჰარისიც სხვა საკვანძო შტატებთან ერთად, პენსილვანიაში გამარჯვებისთვისაც იბრძოლებენ.
ტიმ უოლცი, მინესოტას 60 წლის გუბერნატორი, აშშ-ს ეროვნული გვარდიის არმიის ვეტერანი და ყოფილი მასწავლებელი ბოლო კვირების განმავლობაში ჰარისის ღია მხარდაჭერით გამოირჩეოდა. სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც ტრამპსა და ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატს "უცნაური" (Weird) უწოდა, რომელიც მოგვიანებით ჰარისის კამპანიის განუყოფელი ნაწილი გახდებოდა.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი Hillbilly Elegy-ის ავტორი 40 წლის ჯეი დი ვენსია.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.