დონალდ ტრამპი წიგნს გამოსცემს, სახელად "გადაარჩინე ამერიკა"
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი წიგნს გამოსცემს, სახელად გადაარჩინე ამერიკა (Save America). წიგნის ყიდვა მკითხველებს 3 სექტემბრიდან შეეძლებათ. ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, TRUTH Social-ზე წერს.
როგორც წიგნის აღწერაშია ნათქვამი, წიგნში ტრამპის პრეზიდენტობის 4 წელი იქნება მიმოხილული და "სავსე იქნება ტრამპის პირველი ადმინისტრაციის საკულტო მომენტებით".
"მდიდრულად ილუსტრირებული და ლამაზი დიზაინის გადაარჩინე ამერიკა მიმოიხილავს პრეზიდენტ ტრამპის მთავარ მიღწევებს, მათ შორის, უპრეცედენტო სავაჭრო მოლაპარაკებებს, გადასახადების შემცირებას, საერთაშორისო დიპლომატიას და სასაზღვრო უსაფრთხოებას. გამოსახულებებისა და კომენტარების ეს ნაზავი ნათლად ასახავს პრეზიდენტ ტრამპის სამომავლო ხედვას ჩვენი ქვეყნისთვის" - წერია წიგნის აღწერაში.
წიგნის ყდაზე ტრამპი იქნება გამოსახული. სურათი, რომელსაც ყდისთვის გამოიყენებენ, 13 ივლისს პენსილვანიაში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე წამის შემდეგაა გადაღებული.