ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
თელავის რაიონულ სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნეს. პროკურატურის ცნობით, საქმე შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა.
"სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. 2022 წელს მათ საერთო ბიზნეს საქმიანობა წამოიწყეს, რა დროსაც თანხასთან დაკავშირებით, მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა. 2023 წლის 11 ნოემბერს, სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, უთანხმოების ნიადაგზე, დანის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.