მთავარი ამოცანაა ლაშას ტიტულის შენარჩუნება და მესამე ოქროს მოპოვება - გიორგი ასანიძე
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, შოთა მიშველიძეს ტრავმა აწუხებს, რის გამოც მაქსიმალური დატვირთვით ვერ იასპარეზებს.
"მინდა ძიუდოისტებს მივულოცო, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, განსაკუთრებით ბექაურის, სულამანიძის, გრიგალაშვილის, გურულის გამარჯვება. ეს არის დასაწყისი და ვფიქრობ, დარჩენილი დელეგაციაც ბევრჯერ გაახარებს გულშემატკივარს. ძალოსნობაში კულმინაციის მომენტია, 7 აგვისტოდან ჩავერთვებით.
სამწუხაროდ, შოთიკო მიშველიძეს ტრავმა ჰქონდა, რომელმაც თავი კიდევ ერთხელ იჩინა. რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ გამოსვლა ჯობია არ გამოსვლას, მიიღებს მონაწილეობას სიმბოლურად, არანაირ კონკურენციაში არ შევა, რადგან რისკი არ ღირს, ძალიან დაზიანებული აქვს ძველი ტრავმა, რომელიც წინა თვეებში მიიღო. ეს დაზიანება მას არ აძლევს ბოლომდე გამოსვლის შესაძლებლობას.
ირაკლი ჩხეიძეს და ლაშა ტალახაძეს ერთ დღეს მოუწევთ გამოსვლა. ვფიქრობ, ჩხეიძე ახლოს უნდა იყოს მედლებთან, იბრძოლებს და თუ რა გამოუვა, ვნახავთ. მთავარი ამოცანაა ლაშას ტიტულის შენარჩუნება და მესამე ოქროს მოპოვება. მინდა, შეგპირდეთ, რომ რა წონაც იქნება საჭირო, დაძლევს, უკან არ დავიხევთ“, - განაცხადა ასანიძემ.