ირანმა რუსეთს საჰაერო თავდაცვის სისტემები სთხოვა, მათი მიწოდება უკვე დაიწყო - NYT
The New York Times წერს, რომ ირანმა რუსეთს სთხოვა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადგან ის ისრაელთან შესაძლო ომისთვის ემზადება. გამოცემის ცნობით, ორმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელთაგან ერთი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წევრია, დაადასტურა, რომ ირანმა გააკეთა ასეთი მოთხოვნა. წყაროების ცნობით, რუსეთმა დაიწყო მოწინავე რადარებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.
გამოცემა წერს, რომ 5 აგვისტოს თეირანს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ ეწვია. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ირანი შურისძიებისთვის ემზადება გასულ კვირას თეირანში "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის გამო.
"შოიგუს ვიზიტი ხაზს უსვამს ირანსა და რუსეთს შორის მჭიდრო ალიანსს, რომელიც გაძლიერდა 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ირანმა რუსეთს მიაწოდა სამხედრო დრონები და ორმა ქვეყანამ ახლახან დაასრულა შეთანხმება სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობის გაფართოებაზე", - წერს გამოცემა.