თეგებით ძიება

ჟოზეფ ბორელი აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„7 აგვისტოს 16 წელი გახდება მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი მტკიცე რჩება. ჩვენ კვლავ ვგმობთ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო ყოფნას, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე რუსეთის ვალდებულებებს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში. საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული თემების ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის „ბორდერიზაციის“ პოლიტიკით, გამშვები პუნქტების ჩაკეტვით და უკანონო დაკავებებით რუსი სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. უნდა დასრულდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, გამოძიებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების დარღვევა და უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობა ყველა დაზარალებულისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჟოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილეს მოუწოდებს, კონსტრუქციულად ჩაერთოს დისკუსიებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად.

„ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა