თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში, რომლის მთავარი მიზანი ბაღების აღსაზრდელთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის ხელშეწყობაა, ყველა საუნივერსიტეტო კლინიკა ათობით მომსახურებაზე სპეციალურ შეღავათიან პირობებს დააწესებს.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას საგანმანათლებლო მიმართულებით, რაც მოიცავს საინფორმაციო შეხვედრებისა და პროფესიული ტრენინგების გამართვას პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ასევე მხარდაჭერას კვალიფიციური კადრების მოძიებაში.