თეგებით ძიება
07. 08. 2024 მსოფლიო

WP: ირანმა შესაძლოა ისრაელის წინააღმდეგ მასშტაბური ქმედებები გადაიფიქროს

ამერიკელმა ჟურნალისტმა, დევიდ იგნატიუსმა The Washington Post-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობას ეხება. ის მასალის მომზადების ფარგლებში ამერიკელ მაღალჩინოსნებს ესაუბრა და მათზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიშები გადაიფიქროს.

ავტორის აზრით, ამის მიზეზი რეგიონში აშშ-ს მიერ სამხედრო  ფლოტისა და საჰაერო ძალების გადაყვანა და მობილიზება გახდა. თუმცა, როგორც იგნატიუსი წერს, რეგიონული ომის საფრთხე მაინც საკმაოდ დიდია. მას თეთრი სახლის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ საშიში რჩება ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ირანი თავდასხმას გადაიფიქრებს.

"ირანს ცხადად ესმის, რომ შეერთებული შტატები საკუთარი თავის, საკუთარი ინტერესების, პარტნიორებისა და ხალხის თავდაცვაში ურყევია. ჩვენ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები რეგიონში გადავისროლეთ, რათა ამ პრინციპისთვის ხაზი გაგვესვა." – უთხრა იგნატიუსს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას აფეთქების შემდეგ ისრაელი ირანის თავდასხმის მოლოდინშია. თეირანში პირობას დებდნენ, რომ ისრაელს "დასჯიდნენ" და პასუხს აუცილებლად გასცემდნენ. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული დაჯგუფებები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედებენ. 

31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა.

ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან. იერუსალიმს სამიზნეების მოგერიებაში, აშშ-ს მეთაურობით, მეზობელი ქვეყნებიც დაეხმარნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა