საია: საგარეომ არ უპასუხა მიმართვას, ევროსაბჭოში რუსული აგრესიის მსხვერპლთა ფონდის შექმნაზე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მათ მიმართვას, გამოეყენებინათ ყველა რესურსი ევროსაბჭოში აგვისტოს ომის შედეგად და შემდგომ დაზარალებულთათვის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შექმნაზე, საგარეო უწყებისგან უკუკავშირი არ მოჰყოლია.
"საიამ 2024 წლის 26 იანვარს მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოუწოდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები ევროპის საბჭოში აგვისტოს ომის შედეგად და შემდგომ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ დაზარალებულებისთვის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის შესაქმნელად. საიას მიმართვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უკუკავშირი ამ დრომდე არ მოჰყოლია. აუცილებელია, სახელმწიფო ყველა დიპლომატიურ და საერთაშორისო-სამართლებრივ მექანიზმს იყენებდეს რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.
ამის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება "რუსული კანონით" ღიად ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე კონფლიქტით დაზარალებული პირების უფლებების დასაცავად. რუსული კანონი და სხვა უფლებების მომეტებულად მზღუდავი ტენდენციები, ასევე, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს". - ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, რუსეთის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. ისევ პრობლემურია: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებების საკითხი, ეთნიკური ქართველების შევიწროება, მცოცავი ოკუპაცია, ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა უსაფრთხოება. ასევე უმძიმესი პრობლემაა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის უკანონო დაკავებები და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლის თამაზ გინტურის მკვლელობა. მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, უმუშევრობა და საბაზისო სერვისებზე წვდომის ნაკლებობა.
"აღნიშნულს ამწვავებს ის ფაქტიც, რომ კვლავ აღუსრულებელია ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული კომპენსაციის ვალდებულება. კერძოდ, 2023 წლის 28 აპრილს, ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის 130 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც მან სახელმწიფოთაშორის დავაზე 2021 წლის 21 იანვარს მიიღო. რუსეთის ფედერაცია არ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დღეის მდგომარეობით, გარიცხულია ევროპის საბჭოდან და მისი გაცხადებული პოლიტიკაა, არ აღასრულოს ევროპული სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებები, მათ შორის, არ გადაიხადოს დაკისრებული საკომპენსაციო თანხა". - ნათქვამია ამავე განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.
სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში.