თეგებით ძიება

მეწყრული პროცესი საფრთხეს მხოლოდ სამშენებლო მოედანს უქმნის - გარემოს სააგენტო ვაშლიჯვარზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათმა გეოლოგებმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში სამშენებლო მოედნის მიმდებარედ გეოდინამიკური პირობები ადგილზე შეაფასეს. სააგენტო აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ვაშლიჯვრის დასახლებაში (ბროწეულის ქ. 5) სამშენებლო მოედნის არეალში და მის მიმდებარედ ძველმეწყრულ ფერდობზე პროცესები გააქტიურდა.

"სპეციალისტების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს, სადაც დღეისათვის სამუშაოები შეჩერებულია.

სამშენებლო კომპანიის დაკვეთით მიმდინარეობს დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური (გეოტექნიკური) კვლევები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად.

რაც შეეხება მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, აღნიშნული პროცესისგან საფრთხე არ ემუქრებათ" - წერს სააგენტო.

6 აგვისტოს გავრცელდა ფოტოები, სადაც ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე (ბროწეულის ქუჩა N5-ში) ბზარები ჩანს. მერიის ცნობით, ამ ადგილას შპს გელოვანი დეველოფმენთი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებდა. რისკების თავიდან ასარიდებლად, მისამართზე სამშენებლო პროცესები სრულად შეჩერდა.

"კომპანიას დაწყებული ჰქონდა საძირკვლისა და ხიმინჯების მოწყობა, თუმცა, ვინაიდან ბზარები შეინიშნებოდა, ამჟამად სამუშაოები გაჩერებულია.

მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო შესწავლა. ამ ეტპაზე, გამოიკვეთა, რომ პროექტში გათვალისწინებულია დასკვნის საფუძველზე შესაძლო რისკების დაზღვევის მიზნით კონსტრუქციული ღონისძიებები.

დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიების გატარება; კომპანიამ დაგვიდასტურა, რომ დაწყებული აქვს კვლევები ბზარებთან დაკავშირებით.

კვლევის საბოლოო შედეგები უახლოეს დღეებში, შესაბამისი ფორმით წარმოდგენილი იქნება მუნიციპალურ ინსპექციაში". წერია მერიის განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა