გამოცდების ეროვნულ ცენტრი გამოცდების მონაწილეების საპრეტენზიო განაცხადების მიღებას იწყებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საპრეტენზიო განაცხადების მიღებას იწყებს.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სააპელაციო განაცხადები მხოლოდ ელექტრონულად 9 აგვისტოს 18:00 საათამდე მიიღება.
„2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადებით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე.
სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge
აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია
აპელაციის საფასურს იხდით სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი და, საჭიროების შემთხვევაში, გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში,თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო: „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით; „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი; „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი; „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით - mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები, უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მოგვმართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისამართზე: თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. გაუქმების შემდეგ განმეორებით მოგეცემათ უფლება, გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.
აბიტურიენტს, რომელიც 9 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.