ვინ არის კაცი, რომელიც აშშ-ში მკვლელობებს გეგმავდა - მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები
აშშ-ში პაკისტანის მოქალაქეს, სავარაუდოდ, ირანთან დაკავშირებულ პირს, ქვეყნის ტერიტორიაზე პოლიტიკური მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალი წაუყენეს. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მისი სამიზნეები შესაძლოა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ასევე სხვა მოქმედი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ყოფილიყვნენ.
საუბარია 46 წლის ასიფ მერჩანტზე, რომელიც 12 ივლისს, აშშ-ის დატოვების მცდელობისას დააკავეს.
ბრალდების მიხედვით, მერჩანტი აშშ-ში შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლების გადაბირებას ცდილობდა, რაც ირანის შურისძიება უნდა გამხდარიყო 2020 წელს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო. სოლეიმანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით ბაღდადში 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს. ვაშინგტონი ირანის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მეთაურს რეგიონში აშშ-ის ჯარებზე თავდასხმების ორგანიზებაში სდებდა ბრალს.
მერჩანტთან შეხვედრის შემდეგ ადამიანმა, რომელიც გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაუკავშირდა, გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყო. მან “მკვლელთან” ერთ-ერთი შეხვედრისას განაცხადა, რომ მკვლელობის სამიზნე უნდა გახდეს ყველა ის ადამიანი, “რომლებიც პაკისტანს ვნებენ”.
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ასიფ მერჩანტმა „აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში პოლიტიკური ფიგურის მკვლელობისთვის” 5000 დოლარის ოდენობის ფულადი ავანსი გადაიხადა.
სავარაუდო მსხვერპლების ვინაობა საგამოძიებო მასალებში დასახელებული არაა.