დიდ ბრიტანეთში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა გრძელდება
დიდ ბრიტანეთში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა გრძელდება. გუშინ საღამოს არეულობა იყო ბელფასტში, ბრისტოლში, დარლინგტონსა და პლიმუთში. ბრისტოლში გამოსვლების მონაწილეებმა მანქანით შეამტვრიეს ებრაული დრონების მწარმოებელი კომპანიის, „ელბით სისტემსის“ ქარხნის კარი. გავრცელებული ცნობით, მანქანიდან 10-მდე ადამიანი გადმოვიდა და ინსტრუმენტებისა და დრონების განადგურება დაიწყო. შემდეგ კი შენობას წითელი საღებავი შეასხეს. ექვსი თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, ოთხი კი მიიმალა. დიდი ბრიტანეთის პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა ნაწილს ტერორიზმის მუხლით წაუყენონ ბრალი.
დიდი ბრიტანეთის ქალაქებში არეულობის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო თათბირი გამართა. კირ სტარმერის თქმით, არეულობის მონაწილეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. არეულობების დროს დაკავებულთა რიცხვმა 400-ს მიაღწია. მათგან 100-ს ბრალი ფორმალურად უკვე წაუყენეს.