თეგებით ძიება

"ტყვედ აიყვანეს, მთელი ღამე აწამეს, შემდეგ მოკლეს და დაწვეს, არცერთი შვილის გვამი მე არ მინახავს” - აგვისტოს ომის გმირი ბიჭების მამა, მურაზ რომელაშვილი

1991 წელი იყო, როცა ძმები, გია და გელა რომელაშვილები ცხინვალიდან დევნილები გახდნენ. მაშინ გია 11 წლის იყო, გელა 7-ის. დევნილი ძმები  მშობლიურ ქალაქში 17 წლის შემდეგ, 2008 წლის 8 აგვისტოს დაბრუნდნენ, დაბრუნდნენ სამუდამოდ… მათ იქ დალიეს სული, სადაც დაიბადნენ…

რუსთავი2-ის ერთ-ერთ გადაცემაში, გმირი ბიჭების მამამ შვილების შესახებ ისაუბრა:

"მე დავიბადე ცხინვალში. 30 წელი ვიცხოვრე იქ. ახლა 30 წელია გორში ვცხოვრობ. რატომ ვცხოვრობ გორში? - იმიტომ რომ რუსებმა არჩევანი არ დამიტოვეს - წამართვეს სახლი, ქალაქი, ჯანმრთელობა და წამართვეს ორი შვილი. მიფიქრია - ღირს კი ამის შემდეგ ცხოვრება? - ვაგრძელებ ცხოვრებას, იმიტომ, რომ შვილიშვილებს გაზრდა უნდა...

ცხინვალიდან რომ გამოგვყარეს გია 11 წლის იყო, გელა 7-ის. ძმები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან ირიცხებოდნენ. გია ოცმეთაური იყო, გელა ოცეულის მემიზნე. სულ იმას იძახდნენ, რომ ჩვენი დასაბრუნებელია ცხინვალიო... აგვისტოს ომში წინა ხაზზე პირველები გავიდნენ...

ცხინვალში, სატანკო კოლონას წინ 406-ე ტანკი მიუძღოდა, რომელშიც ორ ჯარისკაცთან ერთად გია იმყოფებოდა. უკან გელას ტანკი მიჰყვებოდა, რომელიც ააფეთქეს. ორი წევრი გადარჩა. გიამ დანარჩენების გადასარჩენად ტყვიამრფქვევებით ცეცხლი გახსნა და ცოტა ხნით შეაჩერა მტერი.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩვენ გამოვედით სამშვიდობოზე და ცოტა ხანში სროლაც შეწყდაო. ამის შემდეგ რა მოხდა არ ვიცითო...

მოხდა ის, რომ ერთი ტყვიაც ვერ შეინახა თავისთვის... ახლომდებარე შენობაში შევარდა, თუმცა იქ რუსებისა და ოსების შტაბი აღმოჩნდა, ტყვედ აიყვანეს, მთელი ღამე აწამეს, შემდეგ მოკლეს და დაწვეს.

რაც შეეხება გიას - გიას მოვალეობა იყო გასულიყო თამარაშენში სადაც სპეცრაზმი უნდა დახვედროდა. გავიდა ხეობაში და სპეცრაზმი არ დახვდა. დარჩა მარტო. უკან რომ ბრუნდებოდა დაინახა მისი ძმის ტანკი აფეთქებული, შეანგრია კედელი, საიდანაც ისროდნენ.  არ ვიცი რა ესროლეს, ტანკმა დეტონაცია განიცადა და მისი გვამი არ არსებობს. არცერთი შვილის გვამი მე არ მინახია....

ცნობისთვის, 2008 წლის 25 დეკემბრამდე ორივე ძმა უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, დნმ-ის ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ ოკუპაციის ზონიდან გადმოსვენებული ბოლო 10 ჯარისკაცის ცხედრიდან ერთ-ერთი გელა რომელაშვილის იყო.

სიკვდილის შემდეგ ძმები რომელაშვილები ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდნენ. 2016 წელს გორის ერთ-ერთ ქუჩას ძმები რომელაშვილების სახელი მიენიჭა. 2011 წელს კი, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, მათი სახელობის სკვერი გაიხსნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა