თეგებით ძიება

2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა - იუსტიციის სამინისტრო

2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„2008 წლის აგვისტოს ომის საქმესთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ:

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ;

რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო, პასუხისმგებელია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების მასობრივ დარღვევაზე;

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.

2022 წლის ბოლოს ჰააგის პროკურორმა დაასრულა აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ქართული მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის თუ სხვა ნებისმიერი სახის გადაცდომის გამოვლენის გარეშე;

2022 წელს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერები გამოსცა ცხინვალის რეგიონის სამი „მაღალჩინოსნის“ მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და გამოიკვეთა აწ გარდაცვლილი რუსი გენერლის პასუხისმგებლობა.

2024 წლის 9 აპრილს საქართველომ მოიპოვა კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე;

სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი განგრძობითად ახორციელებს უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესს, რაც მასობრივად არღვევს საქართველოს მოსახლეობის უფლებებს“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულებას, იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავების აღსრულების მიზნით საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა