ისრაელის დელეგაცია 15 აგვისტოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრება
ისრაელის დელეგაცია 15 აგვისტოს ღაზის სექტორში „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ The Times of Israel ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება მოლაპარაკებები, თუმცა აშშ-მა მანამდე გავრცელებულ მოწოდებაში მხარეებს შეხვედრა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ან კატარის დედაქალაქ დოჰაში შესთავაზა.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც შეერთებულმა შტატებმა, ეგვიპტემ და კატარმა გამოაქვეყნეს ერთობლივი მოწოდება მოლაპარაკებების განახლების შესახებ, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სწრაფად გაფორმდეს.