თეგებით ძიება

„ილიას გზა“ - კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია გამართა

„ილიას გზა“ - ამ სახელწოდებით, კოალიციამ - „ძლიერი საქართველო“, საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

კოალიციის ინფორმაციით, ღონისძიება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა, სადაც კოალიციის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეგმა, რომელსაც ისინი საზოგადოებას სთავაზობენ, ქვეყნის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

„უნდა გაიფანტოს ყველა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მზად ოპოზიცია მართოს ქვეყანა. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მზადაა ამისთვის. ეს მართვა უნდა იყოს სიკეთის მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელმაც უნდა დაინახოს, რომ პასუხისმგებლობას იღებენ მათ წინაშე. 3 პოლიტიკური ძალა შეჯერდა, რომ სამი მიზანი არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის და დღეს ამ მიზნებს საზოგადოებას გავაცნობთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პირველი, რასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გააკეთებენ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოცემული 9 პუნქტის შესრულება იქნება.

„20 წლის განმავლობაში 2 ძალა მართავდა ჩვენს ქვეყანას და სწორედ, ამის ალტერნატივა შევქმენით - „ძლიერი საქართველო“. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა და გეგმა. ალბათ, გახსოვთ, „ოცნების“ დაპირებები, ბოლო 12 წლის განმავლობაში - 100 ქარხანა, ბენზინის ფასის შემცირება, 5 მილიონი თითოეულ სოფელს მეურნეობაში და სხვა, ეს ყველაფერი შეუსრულებელია - ეს ყველაფერი იყო ტყუილზე აგებული და ჩვენ გვიდა, წარმოგიდგინოთ რეალური გეგმა და ხედვა, რომელსაც ეს გაერთიანება თქვენთან ერთად შეასრულებს. ამ ხედვას - ილიას გზა დავარქვით. დღევანდელი განაცხადი უნდა იყოს ილიას გზა, რომელსაც ყველა ერთად შევუდგებით და ნამდვილად შევუსრულებთ იმ მიზანს და სურვილს, რომელიც მას ჰქონდა.

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს პირველი, რასაც გავაკეთებთ იქნება 9-პუნქტიანი გეგმის შესრულება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები, რათა ძალიან მალე გახდეს ქვეყანა ევროპის ოჯახის წევრი. მეორე საკითხი იქნება სამუშო ადგილები და მესამე, ეს არის ბებია-ბაბუების საკითხი. სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა განუცხადოს მათ, რომ არ არიან მიტოვებულები. 1000 ლარიანი პენსია, რასაც ვამბობთ, არის შესაძლებელი და უნდა შევუსრულოთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ისინი არ უპირისპირდებიან კონკრეტულ ადამიანებს, არამედ უპირისპირდებიან „იმ სტილს, რომელმაც მოიტანა ეს უიმედობა, უზარმაზარი ემიგრაცია, ახალგაზრდების გადინება და უმუშევრობა“.

„შევთანხმდით აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებსაც გადავდგამთ, როცა მოვალთ ხელისუფლებაში. პირდაპირ ვეუბნებით ქართველ ხალხს, ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა, ჩვენ გვაქვს სუფთა წარსული, კომპეტენცია, ენერგია და სურვილი, რომ ქვეყანა წამოვაყენოთ ფეხზე და წარსულს ჩავაბაროთ დაპირისპირება, დამცირება და ქილიკი, ის, რითაც ეს ქვეყანა წინა 20 წელი იმართებოდა.

ჩვენ ვუპირისპირდებით იმ სტილს, რომელმაც მოიტანა ეს უიმედობა და უზარმაზარი ემიგრაცია, ახალგაზრდების გადინება და უმუშევრობა.

ჩვენს შეთანხმებაში ერთ-ერთი არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და იუსტიციის საბჭოს რეფორმა. ჩვენ ვართ პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც დიდ მნიშვნელობა ანიჭებს პატიოსანი შრომისთვის სამართლიან ანაზღაურებას. ევროკავშირი მხოლოდ რეფორმები, უფლებები და დემოკრატია არ არის, ის არის კეთილდღეობა.

ჩვენი გეგმაა: სამუშო ადგილები ხალხისთვის, აუცილებელი რეფორმები და 1000 ლარიანი პენსია. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს“, - განაცხადა დოლიძემ.

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის თქმით, საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არის ძლიერი, პატივს სცემს ადამიანს, მის უფლებებს.

„საქართველოს ბედისწერა არ არის დაუცველობა, სიღარიბე , მარტო იზოლაციაში ყოფნა, ამიტომაც ჩვენი პროგრამის პრიორიტეტები არის სწორედ ეს - დაცული მოქალაქეები, სადაც ისეთი სოციალური უსაფრთხოება იარსებებს, რომელიც ღირსეული ცხოვრების, შრომის, სიბერის შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ მოქალაქეს, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ღირსეულ შრომას, ღირსეული ანაზღაურებით.

საქართველო უნდა იყოს ძლიერი ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს ადამიანს, მის უფლებებს და ეს ძლიერება მოდის სწორედ ინსტიტუტებიდან, რომლებიც სახელმწიფოს სამართლიანად უნდა ამუშავებდნენ.

ამიტომ, ეს სამი ამოცანა, რომელსაც მიზნად ვისახავთ, ღირსეული პენსია, კარგი სამუშაო ადგილები და ევროკავშირის წევრობა, არის ქვაკუთხედი, რომელზედაც უნდა დადგეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. სწორედ ეს წარმოადგენს „ილიას გზას“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა