ვენესუელაში სოციალური ქსელი X-ი 10 დღით დაბლოკეს
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ 10 დღით ქვეყანაში სოციალური ქსელი X-ი დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ Euractiv-ი ავრცელებს.
როგორც მადურომ განაცხადა, მან უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის საფუძველზე ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ სოციალური ქსელი დაბლოკა. „X, გაეთრიე ვენესუელიდან 10 დღით“, - ციტირებს Euractiv-ი მადუროს.
გამოცემის მტკიცებით, მადურო X-ის მფლობელს ილონ მასკს ქვეყანაში ზიზღის გაღვივებაში, სამოქალაქო ომში და სიკვდილში ადანაშაულებს.
როგორც Euractiv-ი აღნიშნავს, ეს მადუროს უკვე მეორე თავდასხმაა სოციალურ ქსელებზე. ამ კვირას მან ქვეყნის მოსახლეობას ურჩია WhatsApp-ზე უარი ეთქვა, რადგან ვენესუელის პრეზიდნეტის აზრით, ეს სოციალური ქსელი ჯარისკაცებისა და პოლიციელების ოჯახებზე მუქარებისთვის გამოიყენება. მადურომ მოსახლეობას Telegram-ის ან WeChat-ის გამოყენება ურჩია.