ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია
პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთი და ესპანეთი დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი, დრამატული და სანახაობრივი მატჩი სტუმართა გამარჯვებით 4:3 დასრულდა.
ანგარიში მე-11 წუთზე ფრანგებმა გახსნეს, მაგრამ შემდეგ ესპანელები გააქტიურდნენ და მატჩის პირველ ნახევარში სამი გოლი გაიტანეს (18; 25; 28). ესპანეთის ნაკრები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა.
თუმცა, მეორე ტაიმში ფრანგებმა თამაშში დაბრუნება მოახერხეს – 79-ე წუთზე გატანილი გოლით ანგარიში 3:2 გახდა.
ძირითადი დროის მიწურულს კი ესპანელების კარში ტერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ფრანგებმა ზუსტად შეასრულეს და 3:3. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო.
დამატებით დროში ისევ ესპანელებმა იმარჯვეს და ზუსტად მე-100 წუთზე ფრანგების კარი აიღეს.
„ფურია როხას“ ტრიუმფი გრძელდება – ესპანელები ამჯერად ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.