ბრიტანეთმა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ბელარუსში, გაყალბებული არჩევნების წლისთავზე, ბრიტანეთმა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
სანქციები ბელარუსის 4 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს შეეხო. დასანქცირებულთა სიაში შედიან ბელარუსის იმ ოთხი კოლონიის ხელმძღვანელები, სადაც პოლიტპატიმრები და აქტივისტები უკანონოდ არიან დაკავებულები. სანქციები ასევე დაწესდა თავდაცვისა და სამხედრო-სამრეწველო სექტორის სამი ბელარუსული საწარმოსთვის, რომლებიც რუსეთთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებენ.
ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, 2020 წლის აგვისტოდან მოყოლებული ბელარუსის რეჟიმმა 40 ათასზე მეტი ადამიანი ყალბი პოლიტიკური ბრალდებით დააკავა და მინიმუმ 12 ათასი პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმე გახსნა.
"ბელარუსში მომხდარი სასტიკი მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგაც, ლუკაშენკოს მიერ სამოქალაქო საზოგადოების დაუნდობელი რეპრესიები არ მცირდება", - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.
პარალელურად, ბელარუსთან დაკავშირებით განცხადება დღეს აშშ-ის სახელმწიფო და სახაზინო
დეპარტამენტებმაც გაავრცელეს. სახდეპი წერს, რომ "გააგრძელებს თავისი ვარიანტების განხილვას, მათ შორის დამატებით სანქციებს". სახაზინო დეპარტამენტმა კი დაწერა, რომ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის გამო, აშშ ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს ამკაცრებს.