თეგებით ძიება

ყოფილმა სამხედრომ შუახნის კაცი, სავარაუდოდ ნაკვეთზე დაწყებული დავის გამო წამებით მოკლა - ლანჩხუთში მომხდარის დეტალები

ლანჩხუთში შუახნის კაცი, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთზე დაწყებული დავის გამო წამებით მოკლეს. შემთხვევა 8 აგვისტოს მოხდა. "მთავარ არხთან" დაღუპულის ოჯახის წევრები ჰყვებიან,რომ ბრალდებული ყოფილი სამხედროა, რომელიც შემთხვევის დღეს მოკლულთან ფერმაში მივიდა და მას ადგილზე გაუმასპინძლდა. როგორც ირკვევა, მოგვიანებით, არაფხიზელმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მასპინძელი დააბა, აწამა და ამის ამსახველი ფოტო-ვიდეოც გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 38 წლის ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ის თავად მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ ქეიფის დროს 66 წლის კაცი შეუძლოდ გახდა და ითხოვა, რომ მასთან მისულიყვნენ და გადაერჩინათ. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ჯგუფს ის ნაწამები და დაღუპული დახვდათ. 

გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიით ბრალდებული მოკლულის ოჯახს წლების წინ მისგან ნაყიდ მიწის ნაკვეთზე თანხის დამატებას სთხოვდა, მეორე ვერსიით კი ნაკვეთის დაბრუნებას. 

"არის დაკავებული მისი თანაკლასელის შვილი. მაშინვე 600 ლარად ის შენობა, თუ რაც იყო ძროხების თავშესაფარი იყიდა მისი ბებიისგან ჩემმა სიმამრმა და 600 ლარი 20 წლის უკან, შეთანხმდნენ ხომ ერთმანეთში ასეთი საუბარი მიდიოდა. აღმოჩნდა, რომ 20 წლის შემდეგ მოუნდა, რომ მეტი გადაეხადა და ეტყობა ჩააკითხა და ესე გაუკეთა. ეს ტიპი ამოვიდა საავადმყოფოში და თქვა, რომ ვქეიფობდით, ცუდად გახდაო და შესაბამისად იქნებ ექიმი გაუშვათო. პოლიცია და სასწრაფო ერთად ჩავიდნენ და გარდაცვლილი დახვდათ, მიწაზე დაგდებული და ხელ-ფეხ შეკრული. ამბობდნენ, რომ ვიდეოები და "სელფი" გადაუღია ხელ-ფეხ შეკრულ კაცთან. მთელი სხეული ჩაშავებული და რაღაც პატარა ნაჩხვლეტები. მოასვენეს აქ ექსპერტიზიდან, მისმა კლასელებმა დაასვენეს და იმათ გვითხრეს. თავიც ნატკენი აქვს და სხეულიც სულ ჩაშავებული," - ამბობს მოკლულის ნათესავი, ამირან გიგინეიშვილი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა