თემურ ქეცბაია ვიტალი დარასელიას თასის ელჩი იქნება
ვიტალი დარასელიას სახელობის თასის ელჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი თემურ ქეცბაია იქნება – ინფორმაციას ტურნირის ორგანიზატორები ავრცელებენ.
„თემურ ქეცბაიას როლი და მისი ტურნირში მონაწილეობა კიდევ უფრო გაზრდის დარასელიას სახელობის თასის მიმართ ინტერესს და მასშტაბს. გვიხარია, რომ მომავლი თაობისთვის სამაგალითო და გულშემატკივრისთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი ჩვენი პროექტის მონაწილე და აქტიური მხარდამჭერი იქნება“, – წერია Sports Orient-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშრებით თემურ ქეცბაიას კომენტარიც გამოქვეყნდა:
„სიამოვნებით ვუერთდები ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშებას და ამაყი ვარ, რომ ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელის სახელობის ტურნირის ელჩი ვიქნები. ჩვენი საკლუბო თუ ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის დარასელიას თასი საკვანძო როლს თამაშობს და შემთხვევითი არ არის, რომ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები სავსეა იმ ფეხბურთელებით, ვინც ამ ტურნირზე გამოიჩინა თავი.
ვიტალი დარასელია ქართული ფეხბურთის წინაშე თავისი ღვაწლით იმსახურებს, რომ ამ ტურნირს ჰქონდეს შესაბამისი მასშტაბი და მხარდაჭერა. მიხარია, რომ, „დინამო თბილისისა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ 16-წლამდელთა გუნდებთან ერთად, ტურნირში ევროპული გრანდები მიიღებენ მონაწილეობას. ახალი თაობა, გულშემატკივარი, მომავალი ფეხბურთელები კიდევ უფრო ახლოს უნდა იცნობდნენ ვიტალი დარასელიას, მის ისტორიას. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უნდა გაიაზრონ, რომ ასეთ წარმატებამდე მისვლა მხოლოდ თავდაუზოგავი შრომითა და საკუთარი საქმის დიდი სიყვარულით არის შესაძლებელი.
ტურნირის ფარგლებში ჩართული ვიქნები გუნდებთან, მოზარდ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან კომუნიკაციაში. ურთიერთობა მექნება გულშემატკივართან, მედიასთან, ქართველ და უცხოელ მენეჯერებთან, სელექციონერებთან. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის მასშტაბი კიდევ უფრო გაფართოვდეს და დარასელიას თასი, რეგიონის საუკეთესო ტურნირიდან, ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ ტურნირად იქცეს. მადლობა Sports Orient-ს ნდობისთვის და ტურნირის ორგანიზებისთვის“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
საერთაშორისო ტურნირი სტარტს 23 აგვისტოს აიღებს და 28 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მატჩებს ილია კოკაიას საფეხბურთო ცენტრი და „ლოკომოტივის“ საგურამოს ბაზა უმასპინძლებენ. ტურნირზე ითამაშებენ „დინამო თბილისის“, „იუვენტუსის“, „უოტფორდის“, „ვალენსიის“, „გალათასარაისა“ და „ლოკომოტივის“ აკადემიების გუნდები.
ვიტალი დარასელიას თასი 2016 წელს დაარსდა და საერთაშორისო ტურნირია, რომელიც 16-წლამდე ფეხბურთელთა შორის ტარდება. ტურნირი ხუთჯერ გაიმართა და ბოლოს, 2023 წელს „დინამო თბილისის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში „სევილია“ დაამარცხა.