თეგებით ძიება

დაუღალავად ვეძიოთ ეს მადლი, რომ ვიყოთ ღმერთში, ვიყოთ ღმერთთან და არ წაგვერთვას ეს ჭეშმარიტი სიხარული - მეუფე შიო

უფალი იესო ქრისტე დღესაც კურნავს ყველა ადამიანს, ვინც მთელი გულით და ცოცხალი რწმენით მიეახლება მას. ამიტომ ვეცადოთ, რომ ვირწმუნოთ მისი, როგორც ორმა უსინათლომ ირწმუნა და ვუერთგულოთ უფალს ჩვენი რწმენით, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მან ქრისტეს მიერ ორი ბრმის განკურნების შესახებ დღეს ტაძარში წაკითხული სახარება განმარტა და უფლის მიმართ ჭეშმარიტი რწმენის მნიშვნელობაზე იუსაუბრა.

„ერთხელ ორი ბრმა მოსდევდა იესო ქრისტეს, ისინი ხმამაღლა გაიძახოდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, იესო ძეო დავითისაო!“ (მთ. 20,30). მათ იცოდნენ იესო ქრისტეს ძალა და სწამდათ მისი ყოველგვარი დაეჭვების გარეშე. ამიტომაც განუწყვეტლად სთხოვდნენ მას განკურნებას. უფალმა მათ უთხრა: „გწამთ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება?“ მათ მიუგეს: „დიახ, უფალო, გვწამს“. მაშინ იგი შეეხო მათ თვალებზე და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოს თქვენ“ და აეხილათ მათ თვალები. აი, ასეთი სახარება წავიკითხეთ ჩვენ დღეს.

გვეხება თუ არა ჩვენ ეს სახარება, ძვირფასო ძმებო და დებო? რა თქმა უნდა, გვეხება. რით გვეხება? იმით, რომ ჩვენც ვგავართ ამ ბრმებს ჩვენი სულიერი სიბრმავით, მაგრამ არა მხოლოდ ამით, არამედ ვგავართ ჩვენი ფიზიკური და სულიერი უძლურებებით, რომლებიც მათსავით გვტანჯავს და მათსავით ვევედრებით უფალს, რომ შეგვიმსუბუქოს ტანჯვები, განგვკურნოს და დაგვიბრუნოს სიცოცხლის სიხარული, რომელიც რატომღაც ვგრძნობთ, რომ დაკარგული გვაქვს.

ჩვენ ამ ორ ბრმას ამით ვგავართ, მაგრამ რით არ ვგავართ? არ ვგავართ იმ რწმენითა და ერთგულებით ღვთისადმი, რომელიც მათ ჰქონდათ. მათი რწმენა და ერთგულება იყო უეჭველი. აი, ასეთი რწმენა არ გვაქვს ჩვენ. შეიძლება ვკითხოთ ჩვენს თავს, ამიტომ ხომ არ არის სწორედ, რომ ხშირად ვრჩებით ხოლმე განუკურნებელნი?

ჩვენი ყველანაირი ტანჯვის მიზეზი, ეს იქნება ცალკეული ადამიანის თუ ყველასი ერთად, მდგომარეობს იმაში, რომ ადვილად ვემორჩილებით, ადვილად ვემონებით ვნებებს და ისინი შემდეგ გვაიძულებენ, ჩავიდინოთ ცოდვები. ცოდვა იგივე ბოროტებაა. ეს ყველაფერი შემდეგ გვართმევს ნამდვილ სიხარულს და ჩვენს გულებში აქრობს სინათლეს და სითბოს. თავდაპირველად ადამიანს ჰგონია, რომ ვნებების დაკმაყოფილება მის ცხოვრებას ავსებს, მაგრამ, სინამდვილეში, პირიქით არის, ამას მოსდევს სიცარიელე, განხიბვლა, სისასტიკე გულისა, გულქვაობა, უგრძნობლობა და ადამიანი მისთვისვე შეუმჩნევლად იქცევა ასეთ სულიერად გაციებულ, გაზარმაცებულ, ცარიელ და მხოლოდ თავის თავის მოყვარულ ადამიანად.

მაშასადამე, როდესაც ამ ვნებებს ვემონებით, ჩვენ ვასახიჩრებთ ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ, ღვთის წყალობით, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებების დამარცხება და მათგან გათავისუფლება შესაძლებელია. ყოველ ადამიანს შეუძლია შეიცვალოს, განიწმინდოს და განათლდეს იმავე ძალით და მადლით, ძვირფასო ძმებო და დებო, რა ძალითა და მადლითაც განიკურნა დღევანდელი ორი ბრმა ადამიანი. ეს არის ძალა და მადლი ღვთისა, რომელიც ეძლევა ყველას, მის მაძიებელს.

თქვენ იცით ეკლესიის სწავლება, რომ ღვთის ამ ძალით, მადლითა და ენერგიით, ამის მეშვეობით, ადამიანი ხდება საღვთო ბუნების, ღვთაების თანაზიარი, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მთელი ჩვენი გულით, გონებით, მთელი არსებით ვესწრაფოთ ამას, მივისწრაფოდეთ ამ მადლის მოხვეჭისკენ და დაუღალავად ვეძიოთ ეს მადლი, რომ ვიყოთ ღმერთში, ვიყოთ ღმერთთან და არ წაგვერთვას ეს ჭეშმარიტი სიხარული.

აი, ამიტომ ცოდვაში ჩავარდნილმა ადამიანმა გული არასდროს არ უნდა გაიტეხოს, სასო არ უნდა წარიკვეთოს და არ უნდა გვეგონოს, რომ ცოდვისა და ბოროტებისგან გამოწვეული სიბნელე და ის ტანჯვები, რაც ამას მოსდევს, არის ჩვენი გარდაუვალი ხვედრი. ასე არ არის, იმიტომ რომ უფალი ბრძანებს: „ვის მივაპყრობ მზერას? მხოლოდ მდაბალს და ჩემი სიტყვების მოშიშს“ (ეს. 66,2). ასევე, მოციქულები გვასწავლიან ჩვენ, რომ: „შეიმოსეთ სიმდაბლე, რამეთუ, ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (1 პეტრ. 5, 5-6; იაკ. 4. 6).

ამრიგად, თუ ჩვენ გვექნება ეს სიმდაბლე, აუცილებლად ვიგრძნობთ ამ ძალისა და მადლის მაკურნებელ, განმანათლებელ, განმწმენდელ მოქმედებას; ეს მადლი ყოველთვის ჩვენთან იქნება და აუცილებლად განგვკურნავს ჩვენ სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან.

უფალი იესო ქრისტე ძალიან დიდი ხნის წინ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, - დღეს იყო ნათქვამი წმინდა სახარებაში, - და კურნავდა ადამიანებში ყოველგვარ სნეულებებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უფალი იესო ქრისტე დღესაც კურნავს ყველა ადამიანს, ვინც მთელი გულით და ცოცხალი რწმენით მიეახლება მას. ამიტომ ვეცადოთ, რომ ვირწმუნოთ მისი, როგორც ამ ორმა უსინათლომ ირწმუნა და ვუერთგულოთ უფალს ჩვენი რწმენით, ჩვენი სიყვარულით და ვადიდებდეთ მის დიდადშვენიერ, პატიოსან და საღვთო სახელს“, - განაცხადა მეუფე შიომ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა