უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღებისთვის დააკავეს
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კიევში, ნახევარი მილიონი დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის დახმარებით, მინისტრის მოადგილის მიერ ორგანიზებული მასშტაბური კორუფციული სქემა გამოავლინეს.
გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ 500 000 დოლარის სანაცვლოდ, მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხეილო დაჰპირდა ლვოვ-ვოლინის ქვანახშირის აუზის სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელებს, რომ დონეცკის ოლქის ფრონტის ზონის მაღაროებიდან სამთო აღჭურვილობის ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადატანა მოხდებოდა.
საბრძოლო ზონიდან ტექნიკის ევაკუაციისა და დასავლეთ რეგიონის მაღაროებში გამოყენების ნებართვის მისაღებად, ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიმართეს. თანამდებობის პირმა, რომლის მოვალეობაც მოიცავდა სამთო აღჭურვილობის შენარჩუნებას, მოითხოვა თანხა აღჭურვილობის გადატანის სანაცვლოდ. მინისტრის მოადგილეს დანაშაულში სამი თანამზრახველი ჰყავდა, რომლებიც ასევე დააკავეს.