დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა.
პროექტის ფარგლებში, დარეჯანის სასახლის ისტორიული ხის აივნის დემონტაჟი და ახლის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა, შეიცვალა სახურავი, შესრულდა დიდი ოთახის სარემონტო სამუშაოები, განახლდა აივანზე დაზიანებული აგურით მოწყობილი იატაკი. ასევე, განხორციელდა გარე აივნის დაზიანებული ხის სვეტებისა და იატაკის რეაბილიტაცია.
დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-მოწესრიგება მომავალშიც გაგრძელდება.
„თბილისის განვითარების ფონდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა - დარეჯანის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაასრულა. პირველი ეტაპი გასულ წელს დავასრულეთ. სასახლე ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ამ სამუშაოების შედეგად, ყველაფერი მოწესრიგებულია.
ძალიან მიხარია, კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომ რეაბილიტირდა. აღნიშნულ ადგილს ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს და ამ ყველაფრის მოწესრიგება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის სამუშაოებს, რომ რაც შეიძლება მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შევუნარჩუნოთ ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებს“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. აღნიშნული პროექტისთვის 350 000 ლარი დაიხარჯა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.