გარემოს სააგენტომ „ბათუმი აილენდზე“ ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა. 2 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას თან ერთვის ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველი კომპანიის, „ტერმინალ 1-ის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგი და კომპანიის დირექტორის წერილი, რომლის მიხედვითაც, „ქაოტური მშენებლობით“ საფრთხე შეიძლება შეექმნას ტერმინალში შემავალ გემებს.
„დაუშვებლად მიგვაჩნია კუნძულის მშენებლობა/მოწყობა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, რამდენადაც კუნძულის განსახილველი საპროექტო ტერიტორია ფარავს „ტერმინალ 1-ის" ნავმისადგომზე მომავალი საზღვაო ნავთობტანკერების შემოსვლა-მანევრის და დგომის არეალს...
„ამბასადორი ბათუმი აილენდისგან“ ინტენსიურად და ქაოტურად მიმდინარეობს ინტენსიური მასალების ჩაყრა შპს „ტერმინალ 1-ის" ნავმისადგომის და ხომალდების შემოსვლის მარშრუტის მიმართულებით, გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, ადამიანები, უახლოვდებიან გადატვირთვის ადგილს, სადაც ტელეფონის უბრალოდ შეტანაც კი ფეთქებადსაშიშია, რომ აღარ ვისაუბროთ ღია ტერიტორიიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე“, - ეს წერია გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის კომპანია „ტერმინალ 1-დან" გაგზავნილ წერილში.