"დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა... ბავშვებს მე-6 კლასელ გოგოს უტოვებდა…" - ხანძარს 6 წლის ტყუპები ემსხვერპლნენ
"დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა... სოციალურ სამსახურს წაყვანილი ჰყავდა ბავშვები, მაგრამ მერე დაიბრუნა... ბავშვებს მე-6 კლასელ გოგოს უტოვებდა ხოლმე, ის ყურადღებას აქცევდა" - ამბობს მეზობელი ზუგდიდში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე.
ცნობისთვის, ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსს-კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.