„ჩვენ არ ვჩერდებით... ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გულის გახარებას“ - ლაშა ბექაური
ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ასევე ვეცხლის მედლის მფლობელი გივი მაჭარაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.
ადგილზე იმყოფებოდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაურიც.
„ისტორიული შედეგი არის, ვიტყვი ქართულ ძიუდოზე, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა და მადლობა ღმერთს, რომ მე შევძელი ეს ყველაფერი... მთელმა დელეგაციამ გაგვახარა, ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ღმერთის წყალობით. ჩვენ არ ვჩერდებით... ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გულის გახარებას,“ - თქვა ჟურნალისტებთან ლაშა ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ 7 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაურის, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ტალახაძის ანგარიშზე ოქროს მედლებია. ილია სულამანიძე, ტატო გრიგალაშვილი და გივი მაჭარაშვილი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ლაშა გურული სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ოქროს მედლები პეკინის 2008 წლისა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადებზე მოვიპოვეთ. აღნიშნულ ოლიმპიადებზე ქართველმა სპორტსმენებმა 3-3 ოქროს მედლით გაგვახარეს.