თეგებით ძიება

სააკაშვილი ისე მოიქცა, რომ რუსეთი ჩვენთან მართალია, დაახლოებით, ეს არის „ქართული ოცნების“ განცხადება - იაგო ხვიჩია

სააკაშვილი ისე მოიქცა, რომ რუსეთი ჩვენთან მართალია, დაახლოებით, ეს არის „ქართული ოცნების“ განცხადება - ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, ირჩევს თუ არა ხალხს, რომელსაც „ნაცებთან“ ბრძოლის ფარგლებში შეუძლია საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაწირვა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ არა ქვეყნის ინტერესებით, არამედ „ვიწროპარტიული, „ქოცური“ ინტერესებით მოქმედებს“.

„ვასკვნით, რაღაცნაირად, რომ ეს იყო გლობალური ომის პარტიის დიადი მიზანი, რომ სააკაშვილს ყველაფერი გაეკეთებინა, აქ რუსული ჯარის შემოსაყვანად და რუსეთი ამ ყველაფერში მართალი გამოჩენილიყო. სააკაშვილი ისე მოიქცა, რომ რუსეთი ჩვენთან მართალია, დაახლოებით, ეს არის „ქართული ოცნების” განცხადება და ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ იმას, რატომ გამოაჩინა სააკაშვილის ქმედებებმა ქართველ ხალხთან რუსეთი მართალი და რომ „ნაცმოძრაობას” რუსეთისგან განსხვავებით, საკუთარი ქმედებების ახსნა არ აქვს. აი, ეს არის, რა ვერსიაც შემოგვთავაზეს. მე მგონი, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, ვის ირჩევს. ირჩევს თუ არა ხალხს, რომელსაც “ნაცებთან” ბრძოლის ფარგლებში შეუძლია საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაწირვა. სხვა არაფერია, ჩემი აზრით, ეს ნაწილი რაზეც ახლა საუბრობენ და როგორც არის გაჟღერებული, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, ყველაფერში მართალია. უბრალოდ, ისარგებლა ცუდი „ნაცების“ ქმედებებით, ხელი წაუცდა, მაგრამ მთავარი დამნაშავე, თურმე ქართველები ყოფილან და ახსნა ქართულ მხარეს „ნაცების” დამსახურებით, არაფრის არ აქვს, ხოლო რუსეთს ყველაფრის. ეს არის არა ქართული ინტერესით მოქმედება, არამედ ვიწროპარტიული „ქოცური” ინტერესით მოქმედება და ამისთვის ქვეყნის ინტერესების გადაყოლება. შეიძლება, ვიღაცას იმისი სურვილიც აქვს, რომ ეფლირტაოს შორიდან რუსეთის ხელისუფლებას და უთხრას, რომ ჩვენ საკუთარ თავსაც კი გავიმტყუნებთ, ოღონდ თქვენ კეთილად შემოგვხედეთ. სხვა მიზანი ამის არ ვიცი რა არის. „ნაცების” და სააკაშვილის დაჭერა თუ უნდათ, მილიონი საკითხი არსებობს. რაღა იმას უნდა მიახტნენ, მაინც და მაინც, რომელიც შენი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს აზიანებს. მით უმეტეს, ევროპაში მოგებით დასრულებული დავების შემდგომ”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ “არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება, ანუ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ღალატის ჩადენა და კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს, ასეთ პირობებში, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია”.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “რადიო თავისუფლებამ” გამოაქვეყნა ინტერვიუ ჰაიდი ტალიავინთან, რომლის დასკვნა 2008 წლის ომზე, “ნაციონალური მოძრაობისთვის” განაჩენის ტოლფასია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „რადიო თავისუფლებას“ სურდა, „ტალიავინისგან მიეღო განსხვავებული პოზიცია, რაც წლების წინ დაწერილ უმძიმეს დასკვნას შეამსუბუქებდა, თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა“.

"რუსეთის პოზიციისგან განსხვავებით, სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებს არავითარი ახსნა არა აქვს. ტალიავინის დასკვნის თანახმად, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ 7 აგვისტოს განახორციელა მასირებული შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალზე. ამით, მან რუსეთის ფედერაციას შეუქმნა საქართველოში შემოჭრის სამართლებრივი საფუძველი, რითაც რუსეთმა ისარგებლა კიდეც და საპასუხო სამხედრო ოპერაციის წარმოება დაიწყო, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ამგვარი მტკიცებულებებისა და დასკვნების შემცველ დოკუმენტზე დათანხმება სრული სიცხადით ადასტურებს, რომ ამ ადამიანებმა ჯერ შესაბამისი მტკიცებულებების შექმნით და შემდეგ დასკვნის დადასტურებით, ჩაიდინეს უმძიმესი ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა