„ზუგდიდში მომხდარი ხანძრის ქრობის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის შეფერხება“ - საგანგებო სიტუაციების სამსახური
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს, - ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზუგდიდში მომხდარი ხანძრის ქრობის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის შეფერხება.
„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა, სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს.
განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ხანძრის ადგილზე და დაიწყეს სალიკვიდაციო სამუშაოები. ზუგდიდში მომხდარი ხანძრის ქრობის პროცესში არ ყოფილა რაიმე სახის შეფერხება.
აქვე, აღვნიშნავთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებული სპეც-ტექნიკისა და აღჭურვილობის მონიტორინგი პროტოკოლის მიხედვით ყოველდღიურად ხორციელდება“, - საუბარია განცხადებაში.