უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი - 13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია
13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია.
დედობრივი სითბოთი გასხივოსნებული დირბის ღმრთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა. ეს ხატი ერთ-ერთი საოცარი და შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთია ქრისტიანულ სამყაროში.
"დირბის ღვთისმშობელი" არის წყარო მრავალი სასწაულისა, რომელიც მასთან თხოვნით მისული რწმენით აღსავსე ადამიანებისათვის ოდითგანვე აღსრულდებოდა. რესტავრაციისას, მისი ხელმეორედ დაბადებისას, მეუფე იობს წინასწარ განუჭვრიტავს და ასე უბრძანებია:
დირბის ღმრთისმშობელთან მრავალი ადამიანი მოვა, უპირველესად კი ის უშვილოებს და ორსულებს შეეწევაო...
მართლაც მეუფის მღვდელმთავრული მადლით გასხივოსნებული გონიერება და მამობრივი სიყვარულით ანთებული გული არ შემცდარა, ოდესღაც მივიწყებული და მიწით დაფარული ტაძარი შეიძლება მივიჩნიოთ, თანამედორვეობის ახალ, თვალსაჩნო სასწაულად, რამეთუ, უძველესი დროიდან კურნებებითა და ყოველ კეთილ თხოვნათა მსწრაფლ შესმენით სახელგანთქმულ ნალოც ტაძარში, რომელიც თავისი ისტორიით იერუსალიმის წმინდა მიწას უკავშირდება, დღემდე გადმოსჩქეფს ღმრთისმშობლის მოწყალების ნაკადული და სასწაულები გრძელდება საუკუნითგან და უკუნითი უკუნისამდე.
დედობრივი სითბოთი გასხივოსნებული დირბის ღმრთისმშობელი, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწეა და სწორედ ამიტომ მასთან გულმხურვალე ვედრებით უწყვეტად მოედინება შვილიერების მოსურნე წყვილთა ნაკადი. მათგან უმეტესობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ ბრუნდება მასთან - ნაცვლად ტკივილისა უკვე მადლიერებით აღსავსე თვალებით.
"დირბის ღვთისმშობლის" განსადიდებლად მონასტერში შეიქმნა დირბის ღმრთისმშობლის პარაკლისი და დაუჯდომელი, რომელიც ყოველდღიურად დღის სამ საათზე იკითხება.
ყოველ უშვილო წყვილს და აგრეთვე ორსულ ქალბატონებს, სნეულებს, ვურჩევთ, რომ დაესწრონ ღმრთისმშობლის განსადიდებელ ამ ლოცვებს და თავადაც მოუკლებლად ილოცონ თავისი სანუკვარი სურვილის აღსასრულებლად.
დირბის ღვთისმშობელი შეეწიოს სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით უშვილო წყვილებს.