თეგებით ძიება
13. 08. 2024 მსოფლიო

2024 წელს, უკრაინაში სიკვდილიანობა სამჯერ აღემატება შობადობას

2024 წლის პირველ ნახევარში, მთელი უკრაინის მასშტაბით 87 655 ბავშვი დაიბადა, რაც 9%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი. ამავე პერიოდში, ქვეყანაში გარდაცვალების 250 972 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ღია მონაცემების პორტალი Opendatabot ავრცელებს. 

კვლევის მიხედვით, ამჟამად უკრაინაში ყოველ ახალშობილზე სამი სიკვდილის შემთხვევა მოდის. 2018-2020 წლებში ეს მაჩვენებელი ერთ ბავშვზე ორი სიკვდილის ფაქტი იყო. 

შედარებისთვის, უკრაინაში 2021 წლის პირველ ნახევარში 132 595 ბავშვი დაიბადა - „ეს მაჩვენებელი ახლა 1.5-ჯერ არის შემცირებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შობადობის და სიკვდილიანობის ყველაზე მეტი რეგისტრირებული შემთხვევა დნეპროპეტროვსკის რეგიონსა და ქალაქ კიევში ფიქსირდება.

2024 წლის დასაწყისიდან, კიევში ახალშობილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (9,695) დარეგისტრირდა, მას ლვოვის (7 923 ახალშობილი) და დნეპროპეტროვსკის ოლექები (6 962) მოჰყვება. ხოლო ყველაზე ნაკლები ჩვილის დაბადება ფრონტისპირა ოლქებში: ხერსონსა (221) და დონეცკში (702) აღირიცხა.

„ამ პერიოდის განმავლობაში, ლუგანსკის ოლქში არც ერთი ბავშვის დაბადება არ დარეგისტრირებულა“, - აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება სიკვდილის რეგისტრირებული შემთხვევებს, გარდაცვლილების რაოდენობით დნეპროპეტროვსკის ოლქი (26 374 შემთხვევა) ლიდერობს. მას ხარკოვის ოლქი (17 999) და ქალაქი კიევი (17 449) მოჰყვება. 

გარდაცვალების შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფრონტისპირა რეგიონებში: ხერსონის ოლქში (2 334), დონეცკის ოლქსა (5 753) და ჩერნივცის ოლქში (5 422) დაფიქსირდა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო უსვამს ხაზს, უკრაინაში შობადობის მაჩვენებელი 2013 წლიდან ყოველწლიურად დაახლოებით 7%-ით იკლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა