კურსკი შეიძლება პუტინის წყევლა გახდეს - რას წერს მსოფლიო მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევაზე
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული არმიის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.
„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა პუტინის რეჟიმზე, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ისტორიაში მსგავსი არაფერი მომხდარა და ყველას ესმის, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი“, - ამბობს პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი „ამერიკის ხმასთან“ კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენების შესახებ.
„პუტინმა „რუსული სამყაროს“ საზღვარგარეთ დაცვის ვალდებულება აიღო, მაგრამ საკუთარი მოსახლეობა მშობლიურ მიწაზე ვერ დაიცვა. როდესაც პუტინმა თავისი სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ყველას ეგონა, რომ მას სპეციალურად მომზადებული ადამიანები სწრაფად განახორციელებდნენ, სინამდვილეში კი ის მოხდა, რაც მოხდა. ამასთან, საუბარი იმაზე, რომ „როგორც კი რუსეთის ისტორიულ მიწაზე უცხოელი ჯარისკაცი ფეხს დადგამს, მსოფლიო შეძრწუნდება“ ჩვეულებრივი ბლეფი აღმოჩნდა. ახლა დასავლეთმა უფრო მკაფიოდ უნდა გააცობიეროს, ვინ არის ბატონი პუტინი, შესაბამისად მისი ნაკლებად შეეშინდებათ“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
გამოცემა Insider ამტკიცებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კურსკის ოლქში რუსული არმიის წარმატებების დემონსტრირებისთვის ყალბ ვიდეოებს ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოები სხვა დროს და სხვა რეგიონში, მათ შორის, დონეცკსა და ლუგანსკში იყო გადაღებული.
კურსკის ოლქში მაცხოვრებელი ადამიანები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაცია რეალობისგან ძალიან განსხვავდება და ამის დამალვა კრემლისთვის სულ უფრო რთულდება.
„კურსკის ოლქზე უკრაინული ჯარების შეტევამ „რუსი ფიურერი“ და აგრესორი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა შოკში ჩააგდო. უკრანელები წინსვლას განაგრძობენ, მოსკოვს კი მათი შეტევის შეჩერება არ შეუძლია“, - ამის შესახებ გერმანული გაზეთი Bild წერს.
იმავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ჯარები დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ, თუმცა ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების აზრით, უკრაინის შეტევა შეიძლება შენელდეს.
Bild უკრაინელი ოფიცრის სიტყვებს ციტირებს, რომელმაც განაცხადა, რომ კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მიზანი რუსეთის დესტაბილიზაციაა.
კურსკის რეგიონზე კონტროლის დამყარებით უკრაინამ კრემლის უუნარობა აჩვენა, ინიციატივა ხელში აიღო და ომის მიმდინარეობა შეცვალა - ამის შესახებ დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურთან საუბრობენ. CNN კი დასძენს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ჯარების შესვლა ვლადიმერ პუტინისა და რუსული სახელმწიფოსთვის დამამცირებელი და სამარცხვინოა.
„იმის მიუხედავად როგორ გაგრძელდება შეტევა, რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრით უკრაინამ უკვე ომის ნარატივი შეცვალა“, - ამბობს The Hill -თან ანალიტიკური ცენტრი GLOBSEC -ის ვიცე-პრეზიდენტი ალენა კუძკო.
CNN-ის მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ უკრაინის მიზანი კრემლის შერცხვენის გარდა, თავდაცვის სამინისტროს იძულება იყო, რომ რესურსების სხვა მიმართულებით გადაესროლა.
„მომხდარი პირველ რიგში დამამცირებელია რუსული სახელმწიფოსთვის, რომელიც საკუთარ თავს სამშობლოს დამცველს უწოდებს“, - ვკითხულობთ სტატიაში.
„კურსკი შეიძლება პუტინის წყევლა აღმოჩნდეს“, - ამბობს ნიუ ჯერსის შტატის რატგერსის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი ალექსანდრე მოტილი და კურსკის წყალქვეშა ნავის ისტორიას იხსენებს, რომელიც 2000 წლის აგვისტოში, პუტინის მოსვლიდან სამი თვის შემდეგ ჩაიძირა. მაშინ წყალქვეშა ნავზე მყოფი 118 მეზღვაურიდან ვერავინ გადარჩა, თუმცა პუტინს იმედი აქვს, რომ კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები არა წყალქვეშა ნავის მსგავსად, არამედ ისე განვითარდება, როგორც 1943 წელს, როდესაც საბჭოთა არმიამ კურსკის ბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ჯეიმსთაუნის ფონდის უფროსი მკვლევარს, მარგარიტა ასენოვას მიაჩნია, რომ რუსეთს შეუძლია შექმნილი ვითარება ევროპაში საკუთარი გაზის ტრანზიტის შესაჩერებლად გამოიყენოს და ეს უკრაინას დააბრალოს.
„ზუსტად ეს გააკეთა მოსკოვმა 2006 და 2009 წლებში, რამაც ევროპაში ორი დიდი გაზის კრიზისი გამოიწვია”, - ამბობს ექსპერტი.
და ბოლოს, რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლიდან გრძელდება. რუსული არმია ახორციელებს საჰაერო თავდასხმებს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე და ინფრასტრუქტურაზე, ანადგურებს სამხედრო ნაწილებს, ბენზინგასამართ სადგურებს, ეკლესიებს, სკოლებს და საავადმყოფოებს. საცხოვრებელი უბნების დაბომბვა ხორციელდება არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
წყაროები: news.bigmir.net