უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს
უკრაინა რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა. საუბრის ვიდეოჩანაწერს ზელენსკი თავის სოციალურ ქსელებში ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კურსკის ოლქის დაკავებულ ტერიტორიებზე შემოწმება და სასტაბილიზაციო ღონისძიებები მიმდინარეობს, ასევე, გრძელდება ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავება.
ამასთან, მისი თქმით, რთული და ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების წინსვლა გრძელდება, ხოლო უკრაინის “გაცვლითი ფონდი” (რუსი ტყვეების რაოდენობა) იზრდება.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებები აგრძელებენ კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე ოპერაციის წარმოებას. დღევანდელი დღის განმავლობაში ჩვენმა სამხედროებმა ცალკე მიმართულებებზე ერთიდან სამ კილომეტრამდე წინ წაიწიეს. კონტროლი დამყარებულია 40 კვადრატულ კილომეტრზე და დღეისთვის 74 დასახლებული პუნქტი იმყოფება ჩვენი კონტროლის ქვეშ. ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. ვითარება, საბრძოლო ქმედებების მაღალი ინტენსიურობის მიუხედავად, კონტროლის ქვეშაა”, - განაცხადა სირსკიმ.