იტყუებოდა მაშინაც, როდესაც ამბობდა, რომ მოწამლეს, არ მკურნლობენ, აწამებენ - ქადაგიშვილი სააკაშვილის შესახებ
„ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“, მიხეილ სააკაშვილი იტყუებოდა მაშინაც, როდესაც ამბობდა, რომ მომწამლეს, იტყუებოდა როდესაც ამბობდა, რომ მაწამებენ, იტყუებოდა როდესაც ამბობდა, რომ არ მკურნალობენ და როდესაც ამბობდა რომ შიმშილობდა – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ყველა ფეხის ნაბიჯზე, როგორც კი მიკროფონთან კომუნიკაციის რაიმე საშუალება მიეცემა ხოლმე, მაშინვე ტყუილების კორიანტელს აყენებს. ის რომ იტყუება ეს მისი სტილი და ხელწერაა, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემოა გაერთიანებული და ცდილობს, რომ ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სენატორ ჯინ შაჰინისა და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უხარია, როდესაც სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს მასზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტა ხნის წინ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს და არაერთ შეხვედრაზე ისაუბრა მის უკანონო პატიმრობაზე. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც აღნიშნულია, რომ ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა.