თეგებით ძიება

რამდენად ნორმალურია გადაუხდელობის გამო ადამიანს შეუწყვიტო დენი, გაზი და წყალი, როცა გადახდის შემთხვევაში, რომელიმე მათგანს ისე გითიშავენ, ბოდიშსაც არავინ იხდის - ზურა სტეფანია

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ზურა სტეფანია ზუგდიდში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

მე ვწვავდი სახლს 5-6 წლის ასაკში. პარაფინის სანთლები ჩავარჭვე პლასტმასის შანდალში, დავდგი იატაკზე და წავედი სათამაშოდ. რაღაც მომენტში გამახსენდა, ავვარდი მეორე სართულზე და ვხედავ იატაკს ცეცხლი უკიდია. პლასტმასი დამდნარა და ხეზე გადასულა. ეს მოხდა შუადღეს. დენიც იყო სახლში და მინიმუმ 7-8 ზრდასრული ადამიანი პირველ სართულზე. მარა რომ არა წამიერად გახსენება, დავატრიალებდი საშინელებას. 

ამით, იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება მეურვეების გარემოცვაშიც მოხდეს უბედურება. ასევე დენი როცაა მაშინაც. ძირითადად, ხანძრების გამომწვევი ელ-მოწყობილობები და გაყვანილობაა და არა თუნდაც სანთელი, ან ლამფა. 

ტრაგედია, რომელიც გავიგეთ, წარმოუდგენელია, მძიმე და საზარელი. მაგრამ დამნაშავე არც სანთელია, არც დენი, არც დედა, არც მეზობლები. იგივე შეიძლება მომხდარიყო დედის სახლში ყოფნის დროსაც. ან საეკლესიო სანთლით. და ა.შ. პასუხისმგებლობა შეგვიძლია ყველას დავაკისროთ, მაგრამ სინამდვილეში ეს პოსტ ფაქტუმ შეფასებები და აღქმებია, ისეთი საყოფაცხოვრებო დეტალების, რაც უამრავჯერ მომხდარა ყველას ცხოვრებაში და არც კი გვახსოვს. 

ასეთი მსხვერპლი რომ არ ყოფილიყო, ვიმსჯელებდით იმაზე, რამდენად ნორმალურია გადაუხდელობის გამო ადამიანს შეუწყვიტო დენი, გაზი და წყალი, როცა გადახდის შემთხვევაში,  რომელიმე  მათგანს ისე გითიშავენ, ბოდიშსაც არავინ იხდის. ანუ მოსაფიქრებელია ვადები,  ჯარიმა, გაფრთხილება... გაუგრძელე ეგ ათვლა შემდეგ თვეში, ხო მაინც ჩართავს, ვერ ვხვდები რა წაგებას ნახულობს კომპანია ერთ-ორ დღეში?! სამივე ისეთი საჭიროებაა, მაინც მუდმივად მოიხმარს.. 

და ალბათ, გადასახედია სოციალური დახმარების ხედვაც. რაოდენ მცირედიც არ უნდა იყოს ,,დახმარება" პრიორიტეტები არსებობს. კვება და კომუნალურები. 

მარტივად შეუძლია სახელმწიფოს, გაცემული შემწეობის თანხაში აუცილებელი ხარჯების მინიმალური ლიმიტი დააწესოს. კომუნალურების დასაფარად ავტომატური გადახდის სისტემაში ჩართოს ბენეფიციარი  და სასურსათო კალათისთვის მაღაზიები ჩართოს უნაღდო ანგარიშსწორების პროგრამაში. 100 ლარი იქნება დახმარება თუ 10.000, პრიორიტეტი ყოველთვის იქნება საკვები და საცხოვრებელი გარემო. მითუმეტეს თუ ოჯახში ბავშვებიც არიან..- წერს ზურა სტეფანია.

 ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 6 წლის ტყუპი ძმები 9-სართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე, ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპნენ. ოჯახს გადაუხდელობის გამო დენი ჰქონდა გათიშული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა