მედია: გერმანიამ პოლონეთს Nord Stream-ის აფეთქების საქმეზე უკრაინელი მყვინთავის დაკავება მოსთხოვა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიამ პოლონეთს ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელი ყვინთვის ინსტრუქტორის დაკავება მოსთხოვა.
გერმანული მედიის მიხედვით, გერმანელი გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ უკრაინის მოქალაქე იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრია, რომელმაც გაზსადენზე ასაფეთქებელი დაამონტაჟა.
ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს გერმანიის გენერალური პროკურორის ოფისსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. თუმცა, პროკურატურამ დაადასტურა, რომ პოლონეთს დაკავების ორდერი ივნისში გადასცა.
ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის აფეთქებების შესახებ ცნობები 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა. პირველი გაზსადენი ევროპას ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ბუნებრივ აირს აწვდიდა. მეორე გაზსადენიც ამავე მიზნით აშენდა, თუმცა მისი ექსპლუატაციაში შესვლა ვერ მოესწრო.