ორ კილომეტრამდე წავიწიეთ წინ, ტყვედ კიდევ 100 რუსი სამხედრო ავიყვანეთ - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში ბრძოლების შედეგად ერთი - ორი კილომეტრით წინ წაიწიეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამის საკუთარ არხზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ოლექსანდრ სირსკისთან თათბირის შემდეგ დაწერა.
„კურსკის ოლქში წინ მივიწევთ. დილიდან სხვადასხვა მონაკვეთებზე ერთიდან ორ კილომეტრამდე წავიწიეთ წინ. ამავე პერიოდში ტყვედ კიდევ 100 რუსი სამხედრო ავიყვანეთ“, - დაწერა მან.
ზელენსკიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობა ქვეყნის აღმოსავლეთით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებსაც აქცევს ყურადღებას. უკრაინის პრეზიდენტმა განკარგულება გასცა აღმოსავლეთ ფრონტზე მებრძოლი შენაერთები ახლად მიღებული შეიარაღებით გააძლიერონ.
თათბირის დროს სირსკიმ ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში „ოკუპანტების ძებნა-განადგურება დაასრულეს“.