„ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული“ - ივანე ჩხაიძე
ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული - გასული წლის ამ პერიოდში არ გვქონდა გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი, მისი აღმოჩენა ზაფხულის პერიოდში ალოგიკურია,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ასევე ცირკულირებს ისეთი ვირუსები, რაც ზაფხულის სეზონისთვის არის დამახასიათებელი, კერძოდ - რინოვირუსი, ადენოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ენტეროვირუსი.
„იცით, რომ კორონავირუსი რესპირატორული ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება, მას სეზონური პიკი უნდა ჰქონდეს, მისი აღმოჩენა ზაფხულის პერიოდში ალოგიკურია. მოლოდინიც იყო, რომ კორონავირუსი ზამთრის განმავლობაში იქნებოდა, თუმცა, ამ კორონავირუსს არ ახასიათებს დამორჩილება სტანდარტული მიმდინარეობის თვალსაზრისით.
ახლა, მიმდინარე წლის 31-ე კალენდარულ კვირას, ქვეყანაში ყველაზე მეტად კორონავირუსია გავრცელებული. ეს რა თქმა უნდა, გამორჩეულია, არც გასული წლის ამ პერიოდში არ გვქონდა გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი.
2024 წელს ასეთი განსხვავება გვაქვს. საბედნიეროდ, კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა ცირკულირებს იგივეა, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო, ეს არის ე.წ. ომიკრონი, რომელსაც მიმდინარეობის განსაკუთრებული სიმძიმე არ ახასიათებს. ძირითადად იწვევს გაციების მსგავს კლინიკურ სიმპტომატიკას, არ არის ჰოსპიტალიზაციის განმაპირობებელი, ნაკლებად იწვევს ფილტვის დაზიანებას.
კორონავირუსების სიჭარბე არ ნიშნავს, რომ კლინიკური მიმდინარეობა მძიმეა იმ პაციენტებში, ვინც ინფიცირებულია, ასევე არ იწვევს კლინიკაში მოთავსების განმაპირობებელ ძირითად ფაქტორს. კორონავირუსის სიჭარბე და გრიპის ვირუსის გახანგრძლივება გამორჩეულია მიმდინარე წელს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.