საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება
საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის ბილეთები, რომელიც 7 სექტემბერს, თბილისში გაიმართება, მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება, – ინფორმაციას „ჯვაროსნების“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.
საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების გაყიდვა, 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩით დაიწყებს საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის B1 ჯგუფის თამაშებს, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩეხეთის გარდა ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან.