„ქართული ოცნების“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ჩანს, გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას.
„კიდევ ერთხელ ვეხმაურებით "ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის" (OCCRP) მიერ, ჩვენი განცხადების პასუხად გავრცელებულ ინფორმაციას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ტყუილი, თითქოს, ივანიშვილის ოჯახმა, თვეების წინ მოსკოვში ქონება შეიძინა. გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლის შემდეგ, მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს, რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არ გამგზავრებულან, ყალბი ინფორმაცია უტყუარი ფაქტებით მარტივად ვამხილეთ.
ჩანს, გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა. OCCRP წერს, რომ მათი სტატია არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ეხებოდა. რუსეთში არსებული ქონების ფლობა, რასაც ეს ორგანიზაცია "ახლად აღმოჩენილ სკანდალად" გასაღებას ცდილობდა, პირველად სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრების, მათ შორის, მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა.
ამასთანავე, ორგანიზაციამ, რომელსაც პრეტენზია აქვს "საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე", უნდა იცოდეს, რომ დეკლარაციის ფორმას იმიტომ აქვს ოჯახის წევრების გრაფა, რომ ის საერთო ქონებად ითვლება და მათი თავის მართლება, თითქოს სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის უსუსური მცდელობაა.
გარდა ამისა, აღნიშნულ ორგანიზაციას ჰქონდა მცდელობა, ოფშორების ქართული კანონის თემა შემოეტანა დღის წესრიგში, მაგრამ ამ საკითხში ჩაყოლას არანაირი აზრი არ აქვს. კანონი რომ გამართული, სამართლებრივად დახვეწილი და საქართველოსათვის მხოლოდ სიკეთის მომტანია, ეს საზოგადოებას კარგად მოხსენება. ხოლო მედიასთან, რომელიც დეკლარაციის მარტივ წესებში ვერ ერკვევა, ოფშორის რთულ არქიტექტურაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება, როდესაც თავი შევიკავეთ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისგან. იმედს ვიტოვებთ, სხვა დროს მსგავსი შინაარსის სტატიები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს მაინც დააკმაყოფილებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.