ამერიკული კინოს ლეგენდა ჯინა როულენდსი გარდაიცვალა
94 წლის ასაკში ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი ჯინა როულენდსი გარდაიცვალა. 5 წლის წინ მსახიობს ალცჰეიმერის დიაგნოზი დაუსვეს.
როულენდსის სამსახიობო კარიერა ბროდვეიზე, 1950-იან წლებში დაიწყო. 1958 წელს შეასრულა პირველი კინოროლი ფილმში The High Cost of Loving.
1960-იანი წლების დასაწყისში ასრულებდა მეორეხარისხოვან როლებს ფილმებსა და სერიალებში.
1963 წელს გამოდის A Child is Waiting, რომლითაც მსახიობის კარიერაში ე.წ. "კასავეტესის ერა" იწყება. ამერიკული კინოს ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა რეჟისორმა, ჯონ კასავეტესმა როულენდსი კიდევ 9 ფილმში გადაიღო.
1974 წელს კასავეტესის A Woman Under the Influence გამოდის, რომელშიც ქალის მთავარ როლს როულენდსი ასრულებს. პერფორმანსისთვის მსახიობმა გავლენიანი კინოკრიტიკოსებისგან უმაღლესი შეფასებები მიიღო. როულენდსის მიერ განსახიერებული მეიბელ ლონგეტი 1970-იანი წლების ამერიკული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ქრესტომათიული პერსონაჟია.
როულენდსმა ათწლეულების განმავლობაში არაერთ როლი შეასრულა, მის ნამუშევრებს შორის არის Gloria, Machine Gun McCain, Tempest, Love Streams, Night on Earth, Paulie, The Notebook, Paris, Je T'aime, Broken English. მსახიობმა კარიერა 2014 წელს დაასრულა.
სხვადასხვა დროს ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, 2015 წელს გადაეცა საპატიო ჯილდო. არის ემისა და ოქროს გლობუსის მფლობელი, ბერლინის, სან-სებასტიანის, სანდენსის კინოფესტივალების პრიზიორი.