მოვითხოვთ, დაიწყოს საჯარო სასამართლო „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად - ნიკა გვარამია
ბრალდება, რომ საქართველომ დაიწყო ომი, უტოლდება ქვეყნის ღალატს, მით უფრო, რომ ეს უბრალოდ ფაქტობრივი და სამართლებრივი ტყუილია - თუ რამეს არ სჭირდება დადგენა, იმასთან დაკავშირებით, ვინ ჩაიდინა ღალატი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა და მოიყვანა ციტატა, „ქართული ოცნების“ განცხადების, რომლის თანახმადაც, „2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო.“
ნიკა გვარამიას თქმით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მოითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყოს საჯარო სასამართლო, „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად“.
„მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო საკითხზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და რა მიმართულებითაც ღალატს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმის გასარკვევად, ხელისუფლება რა მიმართულებით მიდის. მე არ მეშლება, როცა ხაზგასმით ვამბობ სიტყვა „ღალატს“, იმიტომ, რომ არსებობს საკითხები, რომელიც დგას ყველა პოლიტიკურ ინტერესს მიღმა და ყველა პოლიტიკურ ინტერესს ზემოთ. გუშინწინ, 13 აგვისტოს, „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბრობდა ომთან დაკავშირებით, მე სიზუსტისთვის ციტატას წავიკითხავ: „ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი, თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“.
თუ რამეს არ სჭირდება დადგენა, იმასთან დაკავშირებით, ვინ ჩაიდინა ღალატი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, არის „ქართული ოცნება“. ბევრი მაგალითი არსებობს ამისი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად მკაფიო მაგალითი ამისი და დაწერილია შავით თეთრზე ამ პარტიის მიერ, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის საქართველოს ხელისუფლებაში. „საქართველომ დაიწყო ომი“ - ეს არის ბრალდება, რომელიც უტოლდება ქვეყნის ღალატს, მით უფრო, რომ ეს უბრალოდ ფაქტობრივი და სამართლებრივი ტყუილია. არავის მსოფლიოში და არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც ერთ საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმს არ დაუდანაშაულებია საქართველო ომის დაწყებაში. ერთადერთი გამონაკლისი, პარადოქსულად, მაგრამ ბოლო პერიოდი ცხადყოფს, რომ სრულიად გასაგებად, არის საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“- საქართველოს მმართველი პარტია, რომელიც ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, არის საქართველოს ხელისუფლებაში.
ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, ეს არის საქართველოს დადანაშაულება იმაში, რაც არ ჩაუდენია ამ ქვეყანას არასდროს, ჩვენს სამშობლოს არ ჩაუდენია არასდროს და ეს არის მცდელობა, ჩამორეცხონ რუსეთს უმძიმესი საერთაშორისო სამართლებრივი და ჰუმანიტარული დანაშაული. ამით ჩვენ ვაძლევთ იურიდიულ წინაპირობას რუსეთს, რომ ეს გამოიყენოს საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის, სამართლებრივ არგუმენტს ვძლევთ ამისა. ეს აზიანებს როგორც ჩვენს იმიჯს მსოფლიოში, ასევე აფერხებს და ხელს უშლის არაღიარების პოლიტიკას.
რაც შეეხება სააკაშვილის აქ მოხსენიებას, თუ რამეზე შეიძლება უყოყმანოდ შეთანხმდეს საქართველოს მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს არის ის, რომ არაღიარების პოლიტიკის მთავარი წარმატება ამ ქვეყნის, არის სწორედ მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებული, რომელსაც ომი არ დაუწყია. მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება ომის დაწყებაში არ არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი, ჩრდილი მიაყენოს პოლიტიკურ კონკურენტს, ეს არის ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყოს საჯარო სასამართლო „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად, ახლა თუ არა, მომავალში ეს აუცილებლად მოხდება!“- განაცხადა გვარამიამ.