Friends-ის ვარსკვლავის, მეთიუ პერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ბრალი წაუყენეს
Friends-ის ვარსკვლავის, მეთიუ პერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რამდენიმე პირს ბრალდება წარედგინა
დღეს, 19:16 556
Friends-ის ვარსკვლავის, მეთიუ პერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ბრალი წაუყენეს - ამის შესახებ NBC News წერს.
54 წლის მეთიუ პერი 2023 წლის 28 ოქტომბერს, საკუთარი სახლის აუზში გარდაცვლილი იპოვეს. სამედიცინო ექსპერტიზამ მისი სიკვდილი ფსიქოდელიური თვისებების მქონე, საანესთეზიო დანიშნულების კეტამინს მიაწერა.
NBC-ის წყარო ატყობინებს, რომ მეთიუ პერის სიკვდილთან დაკავშირებით, მინიმუმ, 1 პირია დაკავებული. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება საბრალდებო დასკვნა, სადაც ბრალდებები დეტალურად იქნება აღწერილი.
მაისში, ლოს-ანჯელესის პოლიცია აცხადებდა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება იმ მომწოდებლის საპოვნელად, ვინც მსახიობს კეტამინს აწვდიდა.
კეტამინი, რომელიც კლუბურ ნარკოტიკად ითვლება, პოლო პერიოდში დეპრესიის სამკურნალო ალტერნატიულ საშუალებადაც გამოიყენება. სულ უფრო იზრდება კლინიკების რაოდენობა, რომლებიც პაციენტებს სთავაზობენ კეტამინის გამოყენებას გადასხმისა თუ ინექციის სახით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ფართო სპექტრის სამკურნალოდ.
პერი დეპრესიისა და შფოთვების სამკურნალოდ კეტამინის ინფუზიურ თერაპიას გადიოდა, ბოლო ასეთი თერაპია მან სიკვდილამდე 1 კვირაზე მეტი ხნით ადრე გაიკეთა. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პერის ორგანიზმში არსებული კეტამინის დოზა არ შეიძლებოდა სამკურნალო კურსის კვალი ყოფილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში ნივთიერება სხეულში ცოტა ხნით რჩება.
კეტამინის დონე, რომელიც პერის აღმოაჩნდა, უტოლდება იმ რაოდენობას, რომელსაც პაციენტებს ოპერაციის დროს ანესთეზიისთვის უკეთებენ.
საბოლოოდ მიჩნეულ იქნა, რომ მეთიუ პერის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო, რომელიც მოიცავდა წყალში დახრჩობას, კორონალური არტერიის დაავადებას და ნივთიერება ბუპრენორფინის (ე.წ. სუბოტექსი) ეფექტს.
თარგმანი: რუსთავი 2