თეგებით ძიება

იუსტიციის სახლთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟს ახორციელებს. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით ექსპერტიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხიდი არის მძიმე ავარიულ მდგომარეობაში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციაზე მრავლად შეინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანება-დეფექტები. ასევე, აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესშივე არასწორად და არასრულყოფილად მოეწყო წყალმომცილებელი სისტემა, სავალი ნაწილი, მოაჯირები, კიბეები და სხვა დეტალები.

ამასთან, დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც ფაქტობრივად, ნაგებობის სრულ დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გულისხმობს.

მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

„საფეხმავლო ხიდის მიმდებარედ მოეწყო ქვეითთა გადასასვლელი და შუქნიშნები, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ გადაადგილდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. შესაბამისად, არსებული ამორტიზებული ხიდი, რეალურად, უფუნქციო გახდა. ფაქტობრივად, საჭირო იყო კონსტრუქციის სრული დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, რაც რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდებოდა. ამავდროულად, არ არის ადაპტირებული და შშმ პირები ვერ სარგებლობდნენ. ზოგადად, ამ ხიდზე გადაადგილება არ იყო კომფორტული“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

მისივე განმარტებით, საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიამ მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა