"როგორც მითხრეს, რომელიღაც მუნჯ დეპუტატს ხმა ამოუღია და ჩემთვის ორმაგი აგენტი უწოდებია" - რას წერს ხუხაშვილი?
ბატონი ხუხაშვილის ნებისმიერი კომენტარი არასერიოზულია, რა თქმა უნდა. იგი ჩვენ გავაგდეთ ჩვენი გუნდიდან, შესაბამისად, არის გაბოროტებული, შურით სავსე პიროვნება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა.
მისი თქმით, ხუხაშვილის ვარაუდი, თითქოს, აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილმა ან ირაკლი შოთაძემ მმართველი გუნდის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია ჩაიტანეს, რასაც ჰელსინკის კომისიის განცხადება მოჰყვა, „სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან "ქართული ოცნების" გუნდი ერთიანი და შეკრულია“.
მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "ქართულ ოცნებაში" არც მოსახლეობისთვის და არც პარტნიორებისთვის არაფერი აქვთ დასამალი.
"რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ვიღაცამ რაღაც ჩვენი გუნდიდან გაიტანა, ორად დავყოფდი მაგ თემას: ერთი, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ასეთი შეკრული, ასეთი შედუღაბებული, ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა და მეორე - ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს არც ჩვენი მოსახლეობისგან და არც ჩვენი პარტნიორებისგან. შესაბამისად, როდესაც დასამალი არაფერი გაქვს, გასატანიც არაფერია.
ბატონ ხუხაშვილზე იმასაც ვიტყოდი, რომ იგი დადასტურებულად არის ორი ქვეყნის აგენტი. მე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნებს შეგნებულად არ დავასახელებ, თუმცა, ჩვენ ეს დადასტურებულად ვიცით და შესაბამისად, არასერიოზული არის მისი მხრიდან ნებისმიერი სახის კომენტარი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატის კომენტარს სოციალური ქსელით უპასუხა გია ხუხაშვილმა:
"როგორც მითხრეს, რომელიღაც მუნჯ დეპუტატს ხმა ამოუღია და ჩემთვის ორმაგი აგენტი უწოდებია. ველოდები კანონს “ორმაგი აგენტების შესახებ”…იქნებ ის მაინც შემეხოს, თორემ დამტოვეს “კანონგარეშე".