რესტავრაციის შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა - დინამო არენა განცხადებას ავრცელებს
დინამო არენას ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა, - ამის შესახებ დინამო არენას ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, განმარტავენ, რომ ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შესთავაზეს, გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს „დინამო“ არენას მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტება გავაკეთოთ.
დინამო არენას ადმინისტრაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი წერილი გაუგზავნა, პირველი ეხებოდა ჩვენს მზადყოფნას, რომ სტადიონს კვლავ შეუძლია ეროვნული ნაკრების მასპინძლობა. მეორეში კი მოხდა დაზუსტება - იქიდან გამომდინარე, რომ დინამო არენას ბოლო უსაფრთხოების სერტიფიკატი არ მოიცავდა პირველი იარუსის მე-6, მე-7 და მე-8 სექტორებს, ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ, გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს.
შეგახსენებთ, რომ დინამო არენას ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა. ამას ადასტურებს ყველა საექსპერტო დასკვნა, რომელიც 2015 წლიდან დღემდე მომზადებულა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.