თეგებით ძიება

„ქართული ოცნების“ მიზანია, რომ დაგვშალოს, დაგვყოს, წაგვკიდოს ერთმანეთს, ცრუ დილემები შემოიტანოს - ჩვენი მიზანია გავერთიანდეთ" - გიორგი ვაშაძე

ჩვენი ოპონენტის, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ დაგვშალოს, დაგვყოს, წაგვკიდოს ერთმანეთს, ცრუ დილემები შემოიტანოს. ჩვენი მიზანია ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ, - ამის შესახებ „ერთიანობა- „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ყრილობაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სჯერა, რომ „საქართველო შევა ევროკავშირში, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ევროკავშირის პასპორტი და უვიზოდ ვივლით აშშ-ში“.

„მიხარია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ერთიანობისკენ - „ევროპული საქართველო“ აქ არის. ვფართოვდებით, ვიზრდებით, მეტნი ვართ იმიტომ, რომ გამარჯვების გზა არის ერთიანობაში. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი იმარჯვებს, როცა ერთად ვდგავართ. ვმარცხდებით როცა ვართ ცალ-ცალკე, როცა ვართ გათითოკაცებული. ჩვენი ოპონენტის, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ დაგვშალოს, დაგვყოს, წაგვკიდოს ერთმანეთს, ცრუ დილემები შემოიტანოს. ჩვენი მიზანია ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ. 26 ოქტომბერს უნდა გაიმარჯვოს საქართველომ, ქართველმა ხალხმა და თქვენ ხართ ამის მთავარი ფუნდამენტი, რაზეც ეს გამარჯვება უნდა აშენდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, „26 ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანი არჩევნებია, რადგან მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გასცეს კითხვას პასუხი - როგორ საქართველოში გვინდა ვიცხოვროთ, ევროკავშირის წევრ საქართველოში, თუ გვინდა ვიცხოვროთ კორუფციულ ჭაობში, რომელიც ივანიშვილმა შემოგვთავაზა“.

„დარწმუნებული ვარ, არჩევანს ყველანი ერთად გავაკეთებთ - საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და თქვენ ხართ ამის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები. მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მკაფიოდ, რომ ამ გაერთიანების მთავარი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს გამარჯვებასთან ერთად თავისუფალი იქნება მიხეილ სააკაშვილი და ჩვენ საბოლოო ჯამში, მივაღწევთ წარმატებას. დღეს, ისე, როგორც არასდროს, საქართველოს მიშას ენერგია სჭირდება იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში, მოვიზიდოთ ინვესტიციები, გატარდეს ფუნდამენტური რეფორმები და ქვეყანა წინ წავიდეს. ჩვენ ყველამ ერთად, ერთ გუნდად უნდა ვიმუშაოთ. აღარ არის დრო იმის, რომ კიდევ გარჩევები დავიწყოთ. ძალიან ცოტა დარჩა არჩევნებამდე და გამარჯვება თავისით არ მოვა. მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, მუხლჩაუხრელი შრომით გამარჯვებას მივაღწევთ და ამის ფუნდამენტი დღევანდელი დღე იყოს. დღეიდან გადავდოთ ყველაფერი გვერდზე და გვახსოვდეს ერთი რამ - სამშობლოს ვეიმედებით ჩვენ. საქართველოს ვეიმედებით ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს ვეიმედებით ჩვენ, ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ იზეიმოს საქართველომ. გვჯერა, რომ საქართველოს შევიყვანთ ევროკავშირში, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ევროკავშირის პასპორტი, უვიზოდ ვივლით აშშ-ში და აუცილებლად ხელს ჩამოვართმევთ მსოფლიო ლიდერებს, იმ შეკრებებზე სადაც საქართველოს ექნება ღირსეული ადგილი“, - განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა